ირაკლი ქარსელაძე-კახეთის მაგისტრალი გადაადგილების უსაფრთხოებას და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს
24 ივლისი 2024,,აქტიურად გრძელდება კახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა. სხვადასხვა მონაკვეთზე სამუშაოების ტემპი განსხვავებულია, მაგრამ ყველგან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. უკვე დასრულების ეტაპზეა ბაკურციხე-წნორის მონაკვეთი“,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის მშენებლობის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზა. გზის პირველი მონაკვეთი, 4 კმ-იანი ვაზიანის შემოვლითი გზა, გასულ წელს გაიხსნა. ვაზიანი-საგარეჯოსა და საგარეჯოს შემოვლითი გზის, ჯამში 31 კმ-ზე, სამუშაოები აქტიურად გრძელდება და წელს დასრულდება.
მინისტრის განცხადებით, სამუშაოები მიმდინარეობს საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზეც, რომლის გახსნაც მომავალ წელს იგეგმება.
,,პირველ, ყველაზე გრძელ 24 კმ-იან მონაკვეთზე, ინტენსიურად მიმდინარეობს საფარის დაგების სამუშაოები, დასრულებულია ყველა ხელოვნური ნაგებობა, მიმდინარეობს მისასვლელი გზების, კვანძების და სხვა კომუნიკაციების მშენებლობა. 35 კმ-იანი მონაკვეთი წელს დასრულდება, რაც კახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პროექტით გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით, 110 კმ საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს,”- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია. პროექტისთვის ტენდერი გამოცხადებული იყო ისეთი ფორმით, რომ მასში ქართულ კომპანიებს დამოუკიდებლად მიეღოთ მონაწილეობა. შესაბამისად, ვაზიანის შემოვლითი გზა სწორედ ქართულმა კომპანიამ ააშენა.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისის კახეთთან და აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია.
ძველი გზა გადის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში: ვაზიანში, სართიჭალაში, ნინოწმინდასა და საგარეჯოში. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებებში, უზრუნველყოფს გადაადგილების უსაფრთხოებას და შეამცირებს მგზავრობის დროს.